English / ქართული / русский /
ეთერ კაკულიათეიმურაზ გოგოხია
COVID-19 -ის პანდემია: მცირე და საშუალო ბიზნესის შედეგები საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში შესწავლილია კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში ფინანსური მხარდაჭერის/თანადგომის საკითხები ბიზნეს­სექტორის ჭრილში. მოზიდული ფინანსები განიხილება, როგორც კოვიდ-19-ის   პანდემიის   შედეგი.  გაანალიზებულია  სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის  დეკლარირებული მონაცემები   პერიოდისა (პანდემიის წინა და პანდემიის პერიოდი)    და ბიზნესის ფორმების (მსხვილი, საშუალო და მცირე) მიხედვით    ისეთ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, როგორიცაა:  უცხოური  ინვესტიციები;  ბრუნვა;  პროდუქციის გამოშვება; დასაქმებულთა რაოდენობა;  დაქირავებულთა რაოდენობა;   დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.

პანდემიის პერიოდში, ზემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლების მიხედვით გამოკვეთილია პანდემიის  რეგულირების მკაცრი პირობების დროს  ბიზნესსექტორის, განსაკუთრებით კი, საშუალო და მცირე ბიზნესის შედეგები.  ნაჩვენებია, რომ პანდემიის რეგულირების მკაცრი მეთოდების გამოყენებისას ზარალობს   განსაკუთრებით  მცირე ბიზნესი. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პანდემიის  მართვისას  არ უნდა იქნეს შემოღებული მკაცრი შეზღუდვები მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესზე. არსებითად უნდა გაძლიერდეს მედიცინის სექტორი, გარდა  ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობებისა, სრულყოფილი და გაძლიერებულ იქნეს ჯანდაცვის მართვა რეგულირება სამართლებრივი,  ადმინისტრაციული  თუ  ეკონომიკური კუთხით. ეკონომიკური სააქმიანობის ეს სფერო უნდა ფუნქციონირებდეს „ზუსტად დროში“ პრინციპით. პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედგების შემცირებას  ხელს შეუწყობს არა მთლიანად ეკონომიკის, არამედ განსაკუთრებით ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების  საქმიანობების   რეგულირება.

საკვანძო  სიტყვები: კოვიდ-19,   პანდემია,  ბიზნესსექტორი, საშუალო ბიზნესი, მცირე ბიზნესი, უცხოური ინვესტიციები, ბრუნვა, პროდუქციის გამოშვება, დასაქმებულთა რაოდენობა, საშუალოთვიური ხელფასი. 

შესავალი

2020 წელი XXI  საუკუნის ისტორიაში შევა, როგორც კორონა ვირუსის COVID 19-ის  პანდემიის  დაწყების  წელი, მან მოიცვა მსოფლიოს   200-ზე  მეტი სახელმწიფო. აშკარაა, რომ COVID-19-ით გამოწვეულ ამ უპრეცედენტო, ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისზე საპასუხოდ გატარებულმა სახელმწიფოებრივმა, ისე საერთაშორისო მარეგულირებელმა ღონისძიებებმა, როგორც მსოფლიო ისე ცალკეული სახელმწიფოს ეკონომიკური და სოციალური  კრიზისი გამოიწვია.  

EY building a better working wold-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში  „COVID-19-ის გავლენა ეკონომიკის სექტორებზე“ ნათქვამია, რომ პანდემიამ განსაკუთრებული მყისიერი ნეგატიური ეფექტი  გამოიწვია სასტუმროების, რესტორნების, სავაჭრო ცენტრების, გართობა/დასვენება და ტრანსპორტის სფეროში; დაყოვნებული ნეგატიური ეფექტი  კი – საფინანსო სექტორში, მშენებლობის, უძრავი ქონების, ვაჭრობის, წარმოება და განათლების სფეროში, ხოლო დადებითი ეფექტი – ჯანდაცვა, ფარმაცია,   ელექტრონული ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, კომუნიკაციები და შიდა ტურიზმის   სფეროში  [COVID-19-ის გავლენა... ].

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, პანდემიით გამოწვეუელი კრიზისის გამო  ყველაზე მეტად ზარალობს მცირე და საშუალო ბიზნესი, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, თვითდასაქმებულები, შრომითი მიგრანტები და ლტოლვილები (დევნილები) [ООН спрогнозировала...2020]. 

დღეს საქართველოში აქტუალური ხდება იმის შეფასება, თუ რა შედეგებით დაამთავრა ბიზნესმა, განსაკუთრებით მცირე და საშუალომ, პანდემიის ერთწლიანი პერიოდი. გაანალიზებულია სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის იმ   პერიოდის მონაცემები (პანდემიის წინა და პანდემიის ერთწლიანი პერიოდი) და  ბიზნესის ფორ­მების (მსხვილი, საშუალო და მცირე) მიხედვით  ისეთ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, როგორიცაა უცხოური ინვესტიციები; ბრუნვა; პროდუქციის გამოშვება; დასაქმებულთა რაოდენობა;  დაქირავებულთა რაოდენობა;  დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება. კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში ფინანსური მხარდაჭერის/თანადგომის საკითხები ბიზნესსექტორის ჭრილში და  მოზიდული ფინანსები განიხილება, როგორც კოვიდ-19-ის პანდემიის   შედეგი.

კვლევის მიზანია პანდემიის ერთწლიან პერიოდში ჩამოთვლილი მაჩვენებლების მიხედვით მცირე და საშუალო ბიზნესის არსებული მდგომარეობის შეფასება, ასევე პანდემიის დროს  მხარდაჭერის/თანადგომისას  რას უნდა მიექცეს უმთავრესად ყურად­ღება.

საქართველოში სამეწარმეო სექტორი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოები (SME), მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკის განვითარებაში. დიდია მათი წვლილი მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში. დღეს აღნიშნული სექტორი დასაქმების ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის  პოტენციალით, განსაკუთრებით კი მცირე ბიზნესი,  ნებისმიერი  ქვეყნის ეკონომიკის  ქვაკუთხედად არის აღიარებული. 

* * *

საერთაშორისო ორგანიზაციები და მთელი რიგი ქვეყნების მთავრობები 2020 წლის მარტი-აპრილიდან პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ახორციელებენ სხვადასხვა სამუშაოებს.  განვითარებული ქვეყნების სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა ეთმობა მცირე ბიზნესს, სოციალურად დაუცველებს,  უმუშევრად  დარჩენილებს, ჯანდაცვას.  

საქართველოს მთავრობის, COVID-19-თან ბრძოლის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების 2020 წლის  ბიუჯეტი  მოიცავს: 1. „მოქალაქეებზე ზრუნვას და სოციალურ მხარდაჭერას – 1 მილიარდ 35 მილიონი ლარი;  2. ეკონომიკაზე ზრუნვას და მეწარმეების მხარდაჭერას – 2 მილიარდ 110 მილიონი ლარი; 3. ჯანდაცვის სისტმის გაძლიერებას – 350 მილიონი ლარი“  [მთავრობამ  სოციალურ - ... ].  მთავრობის მიერ გაცხადებული იყო, რომ „დროულად დახარჯვისა და ეფექტურად განკარგვის პირობებში, მოზიდული თანხა დანაკლისს აბალანსებს.“ [გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ..2020.].

2020 წლის 24 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გამოქეყნებულ მასალებში შედარებით დეტალურადაა გაწერილი მიზნობრივი ხარჯვის მონაცემები. აქ შევჩერდებით იმ მონაცემებზე, რაც ეხება ბიზნესის მიმართულებით კრიზისის პერიოდში გასაწევ ღონისძიებებს და ხარჯებს: ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი. აგრეთვე, ერთი წლის (2020) განმავლობაში დამატებით 600 მლნ ლარი ბიუჯეტიდან იქნება დაბრუნებული დღგ-ს სახით. კომერციულ ბანკებს მიეწოდა  600 მლნ  ლარის გრძელვადიანი რესურსი.    ბიზნესის მხარდაჭერისთვის კი დამატებით გამოიყო 500 მლნ ლარი, რასაც ექნება თავისი მიზნობრივი  მიმართულებები: საკრედიტო-საგარანტიო სქემა – ბიუჯეტი 300 მლნ ლარი.  მიზნობრივი ჯგუფები იქნებიან მცირე და საშუალო მეწარმეები.  სახელმწიფო მისცემს გარანტიის საშუალებას  სესხის 90%-ზე.  ჯამში COVID-19-თან ბრძოლის ანტიკრიზისული გეგმის 1-ლი და მე-2 ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებების  ბიუჯეტი 2020 წლის განმავლობაში (ეკონომიკაზე ზრუნვა და მეწარმეთა მხარდაჭერა)  მოიცავს  2 მილიარდ 110 მილიონ ლარს[გ. გახარია, მანტი. კრიზისული ... 2020-0424;  მთავრობამ სოციალურ - ...].

მთავრობის სამოქმედო პროგრამებში საუბარი იყო იმაზე, რომ  ფართოვდება პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და სახელმწიფოს მონაწილეობის წილი (თანადაფინანსება) გაიზარდა როგორც მიმდინარე პროექტებთან, ისე ახალ წამოწყებებთან მიმართებით,  სესხის და ლიზინგის  24-თვიანი თანადაფინანსების პერიოდი – 36 თვემდე. გაიზარდა ასევე სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსება. კერძოდ, მიკროსაგრანტო სისტემა სახელმწიფომ დაიწყო რამდენიმე წლის წინ, ეს არის რეალური დახმარება სოფლად მცხოვრები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გადაწყვეტენ, ელემენტარული მცირე ბიზნესის წამოწყებას, გრანტის ოდენობა დაიწყო 5000 ლარიდან, შემდგომ გახდა 15 000 და 20 000 ლარი, ეს ზღვარი დღეისთვის გაზარდა 30 000 ლარამდე, ამ მიზნით პორტფელის ოდენობა კი – 40 000 000 ლარამდე. 2020 წელს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები სამელიორაციო საფასურისგან სრულად გათავი­სუფლდნენ, ამასთან, წინა წლებში დაგროვილი დავალიანება სრულად ჩამოიწერა. სოფლის მეურნეობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ხდება პირველადი სასურსათო პროდუქტების წარმოება, უბრალოდ, სასურსათო ბაზის შექმნა, ამისთვის სახელმწიფომ გამოყო 50 000 000 ლარი. ნავარაუდევი იყო, რომ ამით  სარგებლობას შეძლებს 5000 ფერმერი.  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ფასთა შორის სხვაობის დასაზღვევად გამოიყო 200 მილიონი ლარი. მოხდა 7000 იურიდიული პირის სესხების რესტრუქტურიზაცია, ასევე მცირე სასტუმროების საბანკო ვალდებულებების 80%-ით სუბსიდირება. 4500  ბიზნესსუბიექტს ოთხი თვით გადაუვადდა  90 მილიონი ლარის მოცულობის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი. ანტიკრიზისული გეგმის პირველი ეტაპით შეღავათები  დაუწესდათ  ავტოიმპორტიორებს.

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად გასატარებელი სხვადასხვა ღონისძიებების და მიზნობრივი დანახარჯების აქ მოყვანილი მასალების მიხედვით ჩანს, რომ   ცალსახად (მკაფიოდ) არ არის განსაზღვრული მცირე და საშუალო ბიზნესსექტორისთვის კრიზისის დასაძლევად განკუთვნილი სახსრები ისე, როგორც ეს ხდება  აშშ-სა  და მსოფლიოს სხვა განვითარებულ ქვეყნებში.   თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პარტნიორი, თანამეგობრობის ქვეყნები და საერთაშორისო ორანიზაციები კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში თანადგომისას  პირობად აყენებს, რომ ფინანსური  სახსრები წარიმართოს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის  საწარმოებისა და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე ბიზნესის მხარდასაჭერად.

2020  წლის 21 დეკემბერს,  ევროკავშირის საინვესტიციო და პროკრედიტ  ბანკმა შექმნეს 10 მილიონი ევროს მოცულობის საკრედიტო ხაზი [ევროპის გუნდი: პანდემიით....). ევროპისსაინვესტიციობანკი კისს თიბისიბანკშიარსებულ საკრედიტო ხაზს 25 მილი­ონ ევროს ამატებს და მის საერთო ოდენობას ზრდის 81 მილიონ ევრომდე [ევროპის გუნდი: ევროპის...21.12.2020]. ორივე ეს ტრანსაქცია მიმართული იყო და ხმარებოდა საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე ბიზნესს კოვიდ-19-ის  პანდემიით  გამოწვეული  კრიზისის    შემსუბუქებაში.                                 

ევროკავშირმა საქართველოსთვის კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად დახმარების უპრეცედენტო პაკეტის, 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყო, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ბიზნესის ეკონომიკური აღდგენა  წარმოადგენს. ევროკავშირის ბანკის მიერ გამოყოფილი რესურსი ადგილობრივი ბანკების საშუალებით მეტი დახმარების გაწევის შესაძლებლობას იძლევა, რაც საქართველოში მოქმედ უფრო მეტ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს აძლევს ფინანსებზე  წვდომის საშუალებას  [ ევროპის გუნდი: ევროპის...21.12.2020 ].

COVID 19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხარდაჭერის  ფარგლებში, საქართველოსთვის გამოიყო 183 მილიონ ევროზე მეტი გადაუდებელი და მოკლევადიანი საჭიროებებისთვის. ასევე, 2020 წლის ბოლომდე საქართველომ მიიღო დაახლოებით 3 მილიარდი ამერიკული დოლარის დახმარება შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან: ევროკავშირი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის განვითარების ფონდი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო  [ბულია  გ.,  მცირე და საშუალო ბიზნესების  მხარდამჭერი ღონისძიებები COVID-19-ის....].  

 პანდემიით გამოწვეულ  ერთ-ერთ შედეგად შეიძლება დავასახელოთ ის. რომ  მარტო ერთ წელიწადში, 2020 წელს,  საქართველომ  საერთაშორისო ორგანიზაციებიდან  დახმარების სახით მიიღო  3  მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი და სხვა სახის თანადგომა.        

2021 წლის 11 მაისს მსოფლიო ბანკის დირექტორატმა  საქართველოსთვის   85 მლნ ევროს გამოყოფას დაუჭირა მხარი პანდემიის ზემოქმედებით დაზარალებული ფირმების მხარდასაჭერად, კერძოდ,  მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) დახმარებისათვის.  რომელიც   მიზნად ისახავს  საწარმოების ხელშეწყობას  და სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე  საქართველოს ეკონომიკის გაციფროვნების წახალისებას. [ტყეშელაშვილი შ.  მსოფლიო  ბანკმა..].

საქართველოს ბიზნეს ომბუცმენტის აპარატში  2020 წელს შეიქმნა STOPCOV ფონდი, სადაც, როგორც ყველა კომპანიას, ისე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ვირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანა. მობილიზებული თანხები მიემართება ყველაზე კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. StopCov ფონდში, 2020 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, ჩარიცხული იყო 133 121 907 ლარი. შემოწირულობა განახორციელა ჯამში 6 968 სუბიექტმა, მათ შორისაა: 1 673 ფიზიკური პირი; 1 410 კერძო კომპანია; 660 საჯარო დაწესებულება  და  სსიპ; 125 ააიპდა 3 100 სხვა შემომწირველი  [ KOVID – 19 – ის წინააღმდეგ  ...].   

ზემოთ აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, ორმაგად მნიშვნელოვანია იმ შედეგების გაანალიზება, რომელიც დადგა მცირე და საშუალო ბიზნესში  პანდემიით გამოწვეულ  მიმდინარე  კრიზისის  პერიოდში საქართველოში. 

2016-2020 წლების საქსტატის დეკლარილებული  მონაცემებით  (იხ. ცხრ. 1)  ჩანს, რომ პანდემიის წინა წლებში არცისე კარგი შედეგები გვაქვს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საწარმოთა ზომების მიხედვით სტაბილურად ზრდადი ტენდენციითი ნვესტირების თვალსაზრისით. მაგალითად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საშუალო ბიზნესში (საწარმოებში) 2017-2019  წლებში კლებადი ტენდენციით ხასიათდება, ხოლო  მცირე ბიზნესში 2018 წელს თითქმის სამჯერ  შემცირდა 2017 წელთან   და ორჯერ მეტად  მცირეა  2019 წელთან მიმართებით.   პანდემიის  დროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საშუალო ბიზნესში 2020 წელს, 2019-თან მიმართებით, პირველ და მესამე კვარტალში შემცირდა,  მეორე  კვარტალში კი გაიზარდა,  ხოლო მცირე  ბიზნესში (საწარმოებში) თითქმის ორჯერ და მეტად იზრდება პირველ და მეორე კვარტალში, მესამე კვარტალში  – ასეთი მასშტაბებით არა, მაგრამ მაინც  ზრდა ფიქსირდება (იხ. ცხრ.. 1). მაგალითად მცირე ბიზნესში (საწარმოებში)  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი    პირველ,  მეორე და მესამე კვარტალში შესაბამისად უდრიდა:  2019 წელს  –   16 985. 6;  9 567.4;  35 071.1 და 2020 წელს კი  –  32 482.3;  38 509.1;  38 084.5  ათას აშშ დოლარს,  ე.ი. კოვიდ-19-ის პანდემიის დროს თვალსაჩინოა პირდაპირი უცხოური ივესტიციების ზრდა.  ამდენად შეიძლება ითქვას, რომ მცირე ბიზნესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის  მაჩვენებლის მიხედვით  კოვიდ-19-ის პანდემიის პირველი წლის (2020)  პირველ  სამ კვარტალს  2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით   დადებითი ეფექტით  ამთავრებს.   კერძოდ, პანდემიის 2020 წლის პირველ სამ კვარტალში,  2019 წლის (პანდემიის წინა წელი) ამავე პერიოდთან შედარებით,  პირდაპირი უცხოური ინვესტიციები  შესაბამისად აღემატება 15 496.7 (91%);  28 941.7 (302%)  და 3  013.4 (8%)  ათას აშშ დოლარით.

როგორც საქსტატის მასალებიდან (იხ. ცხრ. 2) ჩანს,  საშუალო და მცირე   საწარმოებში (ბიზნესში) ბრუნვა  პანდემიის 2020 წელს, მის წინა 2019 წელთან მიმართებით შემცირდა საშუალოში –  1097,3  ხოლო, მცირეში კი 1683,2 – მილიონი ლარით. მსხვილ ბიზნესში ბრუნვა  გაიზარდა 4420,2 მლნ. ლარით, რამაც განაპირობა ის,  რომ მთლიანად ბიზნესსექტორში პანდემიის წელს (2020) წინა წელთან (2019) შედარებით ბრუნვა გაიზარდა 696,5 მლნ ლარით. იმავე პერიოდში, როგორც მთლიანად  ბიზნესსექ­ტორში, ისე მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესშიც  პროდუქციის  გამოშვება შემცირდა.   როგორც მე-2-ე  ცხრილიდან   ჩანს,   პანდემიის  პერიოდში,  ე. ი.  2020  I  კვარტალთან  მიმართებით,  ამავე წლის  III ,  IV და 2021 წლის  I კვარტალში, ბრუნვა და  პროდუქციის გამოშვება ზრდადი  ტენდენციით ხასიათდება  საშუალო  ბიზნესში, ხოლო  მცირე  ბიზნესში  კი აღნიშნული მაჩვენებლები  იზრდება  2020 წლის  III , IV  და მცირდება 2021 წლის  I კვარტალში.  მონაცემებიდან ასევე  ჩანს, რომ ბრუნვა და  პროდუქციის გამოშვება  2020  წლის II  კვარტალში, ამავე წლის I, III  და IV  კვარტალთან მიმართებით  საგძნობლად დაბალია, როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესში (საწარმოებში). პანდემიის წელს (2020)  II  კვარტალში ბიზნესსექტორში ასეთი დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია იმ მკაცრი რეგულაციებით, რომელიც თავდაპირველად იქნა გატარებული  პანდემიის თავიდან აცილების მიზნით.  გატარებულმა რეგულაციებმა  პანდემია ვერ შეაჩერა, ხოლო ბიზნესი დააზარალა. ე.ი. პანდემიამ (პანდემიით გამოწვეულმა მკაცრმა რეგულაციებმა) განსაკუთრებული მყისიერი  ნეგატიური ეფექტი  გამოიწვია  2020 წლის II კვარტალში  ბიზნესსექტორშში (მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესში;  საწარმოებში). როგორც კი მოხდა მკაცრი რეგულაციების შემსუბუქება  ბიზნესიც ამოქმედდა და  შედეგიც აისახა  ბიზნესსექტორის  ისეთ მაჩვენებლებში როგორიცაა ბრუნვა და პროდუქციის გამოშვება. 2020  წლის  III  და IV  კვარტალში  ბრუნვა და პროდუქციის გამოშვება იმდენად გაიზარდა, რომ გადააჭარბა  როგორც II,   ისე  I  კვარტლის  მაჩვენებლებს  (იხ. ცხრ. 2). 

 

ასე მაგალითად, საშუალო საწარმოებში  (ბიზნესში) 2020 წლის IV  კვარტალში  პროდუქციის გამოშვებამ,  I  და  II  კვარტლის მაჩვენებლებს  შესაბამისად გადააჭარბა    937,4  და 1035.6, ხოლო მცირე  ბიზნესში კი  – 708.7 და  1113.7 მილიონი ლარით.

საწარმოთა ზომისა და პერიოდის მიხედვით დასაქმებულთა და დაქირავებულთარაოდენობაზე პანდემიის გავლენით გამოწვეული შედეგები შეიძლება შეფასდეს    სტატისტიკის  მასალებზე დაყრდნობით (იხ. ცხ. 3 და 4). როგორც  ჩანს,  პანდემიის  პერიოდში  2020   წლის  I  კვარტალთან მიმართებაში   2021  წლის  I კვარტალში  დასაქმებულთა რაოდენობა მსხვილ,  საშუალო და მცირე ბიზნესში  შესაბამისად  შემცირდა  14 614;  1 555 და 65 347 კაცით. ე.ი.   მესამე ცხრილში მოცემული  მონაცემების მიხედვით აღნიშნულ პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა  მსხვილ  ბიზნესში  – 5.4%-ით;    საშუალო  ბიზნესში   –  1.1%,  ხოლო მცირე ბიზნესში 24.3%-ით                                                                                                               

 ცხრილი 3

დასაქმებულთა რაოდენობა საწარმოთა  ზომისა  და პერიოდის მიხედვით

 

სულ (კაცი)

მსხვილი

საშუალო

მცირე

2018

734 215

243 318

160 095

330 803

2019

756 852

265 184

152 516

339 152

2020-I

684 372

273 159

141 859

269 354

2020-II

631 814

261 532

142 030

228 252

2020-III

645 571

261 298

146 855

237 418

2020-IV

641 577

264 587

146 164

230 826

2021-I

622 746

258 545

140 194

224 007

 წყარო:   საქსატატი   

შემცირდა.  ჩანს რომ  პანდემიის ერთი წლის თავზე  მუშაობა შეწყვიტა  ყველაზე მეტმა კაცმა მცირე   ბიზნესში,  ხოლო ყველაზე  ნაკლებმა  კი  საშუალო  ბიზნესში.   

პანდემიის ერთი წლის თავზე დაქირავებულთა რაოდენობა საწარმოთა ზომისა და პერიოდის მიხედვით (იხ. ცხ, 4)  ე.ი.    2020   წლის  I  კვარტალთან მიმართებით    2021  წლის  I კვარტალში   მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესში  შესაბამისად  შემცირდა  15 092;  1 497 და  37 555 კაცით. როგორც ჩანს,  პანდემიის დროს მცირე  ბიზნესში (საწარმოებში)   დაქირავებულთა  რაოდენობა  საშუალო  და  მსხვილ    ბიზნესთან   მიმართებით შესაბამისად    25 -ჯერ  და   2- ჯერ   მეტადაა  შემცირებული.   ე.ი. მცირე ბიზნესში შემცირებულ  დაქირავებულთა რაოდენობა 25-ჯერ მეტია,    ვიდრე საშუალოში   და  2- ჯერ  მეტი, ვიდრე მსხვილში. 

ცხრილი 4

დაქირავებულთა რაოდენობა საწარმოთა ზომის და პერიოდის მიხედვით

 

სულ (კაცი)

მსხვილი

საშუალო

მცირე

2018

679 453

243 185

159 299

276 969

2019

702 015

265 081

152 249

284 685

2020-I

640 495

273 110

141 358

226 026

2020-II

599 469

261 479

141 603

196 388

2020-III

610 390

260 972

146 325

203 094

2020-IV

608 962

264 514

145 851

198 597

2021-I

586 350

258 018

139 861

188 471

წყარო: საქსტატი      

დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების  მონაცემებიდან (იხ. ცხრ. 5) ჩანს,  რომ პანდემიის პერიოდში  2020 წლის I კვარტალთან მიმართებით   2021  წლის  I კვარტალში   მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესში  შესაბამისად   48.2;  69.6 და  26.7  ლარით, ხოლო მთლიანად ბიზნესსექტირში კი  56.5  ლარით  გაიზარდა.  ბიზნესის სამივე ფორმაში (მსხვილ, საშუალო, მცირე)  პანდემიის დროს ე. ი. 2020 წლის I  კვარტალთან მიმართებით    დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების   მაჩვენებელი 2020  წლის  III,  IV   და  2021 წლის  I  კვარტალში  არამდგრადი, მაგრამ  ზრდადი ტენდენციით  ხასიათდება.   როგორც  მე-5-ე  ცხრილიდან   ჩანს,   2020 წლის  II  კვარტლში    ეს მაჩვენებელი, ამავე წლის I კვარტალთან შედარებით,  მსხვილ  ბიზნესში  89.6   და   საშუალოში  კი 115  ლარით, ე.ი. შესაბამისად 7 და 8 %-ით  შემცირდა, ხოლო მცირე ბიზნესში კი გაიზარდა  20 ლარით,  ანუ  2%-ით.  

ცხრილი  5

დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება საწარმოთა ზომისა და პერიოდის  მიხედვით

 

სულ (ლარი)

მსხვილი

საშუალო

მცირე

2018

1 101,3

1 224,6

1 276,3

892,4

2019

1 161,7

1 303,3

1 416,8

893,5

2020-I

1 227,0

1 293,7

1 404,9

1 035,2

2020-II

1 175,6

1 204,1

1 289,9

1 055,2

2020-III

1 305,9

1 297,2

1 487,6

1 186,0

2020-IV

1 417,0

1 439,6

1 632,6

1 228,4

2021-I

1 283,5

1 341,9

1 474,5

1 061,9

წყარო: საქსტატი    

ამდენად, საქსტატის დეკლარირებული მონაცემების ანალიზიდან ჩანს, რომ პანდემიის დროს (2020 ოთხი კვარტალი და  2021 წლის პირველი კვარტალი): ბიზნეს­სექ­­ტორი,  მსხვილი,  საშუალო და მცირე ბიზნესი (საწარმოები) არც ისე მძიმე უარყოფითი ეფექტით გამოიყურება ისეთი მაჩვენებლებით, როგორიცაა; პირდაპირი უცხოური ინვესტიციები;  ბრუნვა; პროდუქციის გამოშვება,   ხოლო  დასაქმებულთა და დაქირავებულთა რაოდენობის მაჩვენებლების მიხედვით ყველაზე  უარყოფითი შედეგი აქვს მცირებიზნესს.  აქ   პანდემიის ერთი წლის ბოლოს       დასაქმებულთა თითქმის   25 % - მდე   კაცმა  დატოვა სამუშაო ადგილი. 

დასკვნა

არ მიგვაჩნია სწორად, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის მიზნით მოზიდული სახრებიდან სტიმულების დიდი ნაწილი მიმართულია: ეკონომიკაზე ზრუნვასა და  მეწარმეების  მხარდაჭერაზე, რისთვისაც გაღებულია 2 მილიარდ 110 მილიონი ლარი მაშინ, როცა  მოქალქეებზე ზრუნვაზე,  სოციალურ  მხარდაჭერასა (1 მილიარდ 35 მილიონი ლარი) და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე (350 მილიონი ლარი)  ორივესთვის ერთად გამოყოფილია 1 მილიარდ 385 მილიონი ლარი.  განსაკუთრებით უკიდურესად დაბალია  პანდემიის დროს ჯანდაცვის მხარდასაჭერად გამოყოფილი 350 მილიონი ლარი, თუნდაც დღეს არსებულ პანდემიასთან ბრძოლისათვის გათვალისწინებული ფინანსური ფონი.  ვფიქრონთ, რომ   სტიმულების მეტი ნაწილი  უნდა მოდიოდეს  ჯანდაცვაზე და სოციალურ  მხარდაჭერაზე.  

კოვიდ-19-ის პანდემით გამოწვეული კრიზისის დაძლევის მიზნით ქვეყანის   ბიუჯეტიდან და საერთაშორისო ორგანიზაციების  (ევროკავშირი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის განვითარების ფონდი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო  და მსოფლიო ბანკი) მიერ გამოყოფილი სახსრები, როგორც მთავრობა აღნიშნავს, აბალანსებს  მასზე მოთხოვნას. მოზიდული  ფინანსები    უნდა განვიხილოთ  როგორც  პანდემიით გამოწვეული შედეგი. 

მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორი თანამეგობრობის ქვეყნები და საერთაშორისო ორანიზაციები  პირობად აყენებს, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად მათ მიერ გამოყოფილი  ფინანსური  სახსრები ძირითადად  წარიმართოს  მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე ბიზნესის მხარდასაჭერად, როგორც ჩანს არ აღმოჩნდა საკმარისი  მცირე ბიზნესისათვის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გადასალახად.

როგორც   სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დეკლარირებული მაჩვენებლების,  დროის  (პანდემიის წინა და პანდემიის პერიოდის)   და საწარმოთა ზომების (მსხვილი, საშუალო და მცირე) მიხედვით  მონაცემების ანალიზიდან ჩანს,    პანდემიის დროს (2020  წლის  ოთხი კვარტალი და 2021 წლის პირველი კვარტალი)   ისეთი მაჩვენებლებით,  როგორიცაა ბრუნვა, პროდუქციის გამოშვება მსხვილ და საშუალო ბიზნესეში 2021 წლის I კვარტალში 2020 იმავე პერიოდთან მიმართებით, იზრდება, მცირე ბიზნესი კი –მცირდება. ხოლო  დასაქმებულთა და დაქირავებულთა რაოდენობის მაჩვენებლების მიხედვით აქაც  ყველაზე  უარყოფითი შედეგი აქვს მცირე ბიზნეს,  აქ   პანდემიის ერთი წლის ბოლოს  დასაქმებულთა თითქმის 25 %-მდე   კაცმა  დატოვა სამუშაო ადგილი.   საყურადღებოა ის ფაქტი,  რომ როგორც მთლიანად   ბიზნეს­სექ­ტორში, ისე   მსხვილ, საშუალო, მცირე  ბიზნესში, პანდემიის 2020 წელი პირველი სამი კვარტალის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები   ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. ამასთან  2020  წლის I, II კვარტალში,   პანდემიის წანა წლის  (2019)  ანალოგიურ  პერიოდთან შედარებით, მცირე ბიზნესში იგი გაიზარდა  თითქმის  ორჯერ და მეტად, ხოლო  საშუალოში  და  მსხვილ ბიზნესში   კი შემცირდა.   

როგორც სტატისტიკური მასალებიდან ჩანს პანდემიის რეგულირების მკაცრი მეთოდების გამოყენების შედეგად 2020 წლის II კვარტალში მკვეთრად ზარალობს როგორც მთლიანად ბიზნესსექტორი,  ასევე მსხვილი, საშუალო და მცირე,  მათგან განსაკუთრებით კი  –  მცირე  ბიზნესი.

პანდემიის  მართვისას  არ უნდა იქნეს შემოღებული მკაცრი  შეზღუდვები მიკრო- მცირე და საშუალო ბიზნესში. გაძლიერდეს და სრულყოფილი გახდეს  ჯანდაცვის  მართვა-რეგულირება სამართლებრივი, ადმინისტრაციული თუ ეკონომიკური კუთხით. ეკონომიკური საქმიანობის ეს სფერო უნდა ფუნქციონირებდეს „ზუსტი დროის“ პრინციპით. პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შემცირებას ხელს შეუწყობს არა მთლიანად ეკონომიკის მიმართულებით, არამედ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობების მკაცრ რეგულირებაზე.                                         

გამოყენებული  ლიტერატურა

1. COVID-19-ის გავლენა ბიზნესსექტორებზე      http://baf.ge/site/files/GangrdzobiTi

2. ООН спрогнозировала исторический уровень безработицы из-за пандемии
https://www.rbc.ru/society/28/04/2020/5ea751209a7947cdee282df2https: //www.rbc.ru/society/28/04/2020/5ea751209a7947cdee282df2

3. ოთარ ნადარაია, ალექსანდრე  ბლუაშვილი, მერი  ჩაჩანიძე, თორნიკე   კორძაია,    COVID-19-ის ზეგავლენა  საქართველოს  ეკონომიკაზე,  თიბისი  კაპიტალი, 14 მაისი, 2020.         https://static.tbccapital.ge/uploads/files/files_aa6505a4_COVID-19ImpactonGeorgianEconomy-JuneUpdateGEO.pdf

4. გიორგი  გახარია, მანტი,  კრიზისული ეკონომიკური  გეგმა, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მასალები.

http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=541&info_id=759722020-04-24

5. ევროპის  გუნდი: პანდემიით  შექმნილი  კრიზისის  დასაძლევად  მცირე და საშუალო საწარმოებისთვის 10 მლნ ევროს გამოყოფა. https://pia.ge/ka/news/covid-19/21.12.2020 13:32 .  

6. ევროპის გუნდი: ევროპის  საინვესტიციო ბანკი კოვიდ-19-ის პანდემიისას  საქართველოს საწარმოების დასახმარებლად 25 მილიონი ევროს ინვესტიციას  გამოყოფს  და  თიბისი  ბანკთან  საკრედიტო  ხაზს  აფართოებს,  თბილისი, 21/12/2020 - 13:04, UNIQUE ID: 201221_10;   https://eeas.europa.eu/delegations/georgia/90919/ 

7. KOVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული  ღონისძიებების ანგარიში. საქართველოს მთავრობა

http://gov.ge/print.php?gg=1&sec_id=424&info_id=76338&lang_id=GEO

8. ტყეშელაშვილი  შ.  მსოფლიო ბანკმა  ქართული  ბიზნესის  მხარდასაჭერად  €85-მილიონიანი პროგრამა დაამტკიცა https://bm.ge/ka/article/msoflio-bankma- qartuli-biznesis-mxardasacherad-85- milioniani-programa-daamtkica/82312/12.მაისი .2021 09:52                                                                                                                                     

9. ბულია  გ.  მცირე  და საშუალო  ბიზნესების  მხარდამჭერი  ღონისძიებები COVID-19-ის პანდემიის პირობებში  საქართველოსა და  მსოფლიოში  PMO | 2 www.pmo-bc.com ›storage›appwww.pmo-bc.com/storage/app/uploads/public/5e9/ ee8/b56/5e9ee8b56518b951827074.pdf

10. მთავრობამ სოციალურ-ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა,  თამთა  ასლანიშვილი,  აპრილი 24, 2020,  პარალელი.  https://paraleli.ge/9481/

11.  საქართველოს  სტატისტიკის  სახელმწიფო  დეპარტამენტის  მასალები.